logo
ENG



"სასწრაფოსაც ცეცხლს გაუხსნიდა, მეგობარმა წამიყვანა კლინიკაში" - დაჭრილი საგარეჯოში მომხდარზე

20 იან 202314:14
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოში დაჭრილი ვალერი მათიაშვილი ფორმულასთან მომხდარის დეტალებს იხსენებს.

როგორც ის ჰყვება, მაღაზიაში შედიოდა, რა დროსაც თავდამსხმელმა ესროლა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი. 

ვალერი მათიაშვილის თქმითვე, მან დაინახა, როგორ ესროლა ნოდარ ათუაშვილმა პოლიციელს, რომელიც გარდაიცვალა.

"მაღაზიაში ჩავედი, ხმაური იყო გარეთ. ბევრი ხალხი მოგროვდა უცებ. ყვიროდნენ "დაწექით, დაწექითო" და რაც მოვასწარი ის იყო, რომ გარეთ ვიყავი გამოსული და შიგნით შევბრუნდი. შესასვლელში რომ შევედი, კარებშივე მესროლა და მომხვდა ბარძაყის ნაწილში. [...]

არაფერი არ ხდებოდა, ჩვეულებრივი საღამო იყო. მივედი, მანქანა გავაჩერე, შევედი მაღაზიაში, გამოსვლისას დამხვდა ის ამბავი, რომ 10-მდე ადამიანი მორბოდა სხვადასხვა მხრიდან და ყვიროდნენ, რომ ისვრიანო.

პირველ რიგში, რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ შიგნით გოგონები იყვნენ, ისინი უნდა გამემხნევებინა და თან უსაფრთხო თავშესაფარი უნდა მომეძებნა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი ვერაფრის თქმა, ეგრევე უკნიდან მომაყოლა... მერე პოლიცია მოვიდა. პოლიცია მოვიდა თუ არა, ესროლა და მოხდა ტრაგედია, ადამიანი დაიღუპა. ადგილზევე დაიღუპა, როგორც ვიცი. მახსოვს, პოლიცია მოვიდა, გასროლის ხმა იყო და გადავარდა ადამიანი...

მეგობარი დამეხმარა, იმან გადმომიყვანა საავადმყოფოში. იქ რომ სასწრაფო მოსულიყო, იმათაც ცეცხლს გაუხსნიდა. სასწრაფოში რომ გავიდა ზარი, გავთიშე იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა. იქ რომ მოგვეყვანა, მსხვერპლად იყო შეწირული ადამიანი. გავუთიშე ტელეფონი, ვიპოეთ უკანა გასასვლელი და მერე როგორც აღვნიშნე, მეგობარი მოვიდა და თავისი პირადი ავტომობილით გადამიყვანა. სამი ადამიანი დაგვჭრა მაღაზიაში, ერთი ქალბატონი, გოგონა და მე. სამივე იმ მანქანით გიორგიმ გადმოგვიყვანა"- ყვება მათიაშვილი. 

ვალერი მათიაშვილი გირჩი-მეტი თავისუფლების წევრია.

***

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი დაჭრილების მდგომარეობა კი სტაბილურია.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

თავდასხმის დეტალები - სრულად.


close დახურვა